რუსეთი უზრუნველყოფს მარცვლეულის უსაფრთხო გატანას, თუ უკრაინა სანაპირო წყლებს განაღმავს - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათი საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ ხმელთაშუა ზღვისკენ უსაფრთხო დერეფანს მარცვლეულით დატვირთული გემებისთვის. თუმცა, ლავროვი ამის წინაპირობად მოითხოვს, უკრაინამ სანაპირო წყლები განაღმოს.

„თუ ეს პრობლემა მოგვარდება… მაშინ ზღვის დანარჩენ ნაწილში რუსეთის საზღვაო ძალები უზრუნველყოფეს ისეთ დერეფანს, რომელშიც ამ გემებს არავინ შეეხება და გავლენ ხმელთაშუა ზღვაში თავიანთი დანიშნულების პუნქტებისკენ“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს პრობლემები შეექმნა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ისინი პორტებში დასაწყობებული 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანას ვერ ახერხებენ რუსული ბლოკადის გამო. რაც უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის თითქმის ნახევარია.

კრემლში კი ბლოკადის არსებობას უარყოფენ და ხორბლის კრიზისის გამოწვევაში დასავლეთს ადანაშაულებენ, თუმცა, ამავდროულად, მოსკოვში მოითხოვენ, რომ უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოსახსნელად მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაა საჭირო.

მომავალ კვირაში კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავა მარცვლეულის კრიზისის განსახილველად.