რუსეთი ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განლაგებას იწყებს – რა წერია შეთანხმებაში

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ულიანოვკსიდან მთიან ყარაბაღში 1960 ჯარისკაცი და 470 სამხედრო მანქანა გაგზავნეს. რუს სამხედროებს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ერთობლივი შეთანხმების მიხედვით, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტის როლი ექნებათ. მათი სამართავი პუნქტი სტეფანაკერტში (ხანქენდში) იქნება.

მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ სამ ქვეყანას შორის შეთანხმება წუხელ მოხდა. სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმება რამდენიმე პუნქტს მოიცავს:

1. მთიან ყარაბაღში გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა და სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოსკოვის დროით 00:00 საათიდან. აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ჩერდებიან მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე.

2. აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომლებსაც სომხეთი იკავებს აზერბაიჯანის ყაზახის რაიონში, აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიან ყარაბაღში ურთიერთშეხების ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გარშემო განლაგდება რუსეთის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი 1960 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით, მსუბუქი შეიარაღებით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ავტომობილითა და სპეციალური ტექნიკით.

4. რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში კონტროლს აიღებენ სომხეთის მიერ შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად. მათი ყოფნის ვადა – 5 წელია, შემდგომი 5 წლის პერიოდით ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით, თუკი რომელიმე მხარე აღნიშნული ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არ განაცხადებს მოცემული პირობის გამოყენების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ ამ შეთანხმების კონტროლის მიზნით, პირობების შესრულების ეფექტიანი კონტროლის მიზნით გაიხსნება მშვიდობისმყოფელთა ცენტრი. შეთანხმებაში არ წერია, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმაციით, მის მუშაობაში თურქებიც ჩაერთვებიან.

6. აღდამის მსგავსად სომხეთი 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 2020 წლის 1 დეკემბრამდე – ლაჩინის რაიონს.

სამაგიეროდ, სომხეთი შეძლებს, დაიტოვოს ლაჩინის დერეფანი გზატკეცილის გარშემო 5-კილომეტრიანი ზოლით, რითაც სომხეთი ყარაბაღში სტეფანაკერტს დაუკავშირდება, თუმცა სომხეთი ამ დერეფანში შუშას ვერ შეეხება, რომლის დაკავებაც აზერბაიჯანელებმა შეთანხმების ხელმოწერამდე შეძლეს. შემდეგი 3 წლის განმავლობაში უნდა განისაზღვროს სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ლაჩინის დერეფანში.

7. აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც რეგიონი 1990 წლის შემდეგ დატოვეს, მთიან ყარაბაღში დაბრუნდებიან. დევნილების დაბრუნების პროცესს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი გაუწევს კონტროლს.

8. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდება სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა.

9. უნდა გაიხსნას რეგიონში არსებული ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი. სომხეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების დაუბრკოლებელ მიმოსვლას. სატრანსპორტო მიმოსვლას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახური გაუწევს კონტროლს. ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება მოხდება.