რუსეთიდან ადამიანთა დიდი ნაკადის გამო გასათვალისწინებელია აივ/შიდსის საქართველოში გავრცელების რისკი - ბუწაშვილი

პუბლიკა

„არაერთი რუსი პაციენტი ჰყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი“, – წერს facebook-პოსტში ინფექტიონისტი, მაია ბუწაშვილი.

რა რისკი არსებობს ამ კუთხით და როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი არსებული რისკების შეფასებისა და დაზღვევისთვის?, –  „პუბლიკა“ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

„ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ რუსი მიგრანტების/ტურისტების გაზრდილ რაოდენობას, და ისიც ცნობილია რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა რუსეთი აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების მხრივ. არ არსებობს რაიმე კონტროლის მექანიზმი, რომ ვიცოდეთ, შემოსულებიდან ვინ არის ინფიცირებული და ვინ – არა. შესაბამისად, მაღალია ალბათობა, რომ შემოსულებს შორისაც იყვნენ ინფიცირებულები.

ფაქტი ის არის, რომ სქესობრივი კონტაქტი არსებობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და შემოსულებს შორის, ამას მოწმობს თუნდაც პაციენტების მხრიდან დასახელებული კონტაქტები. გასაგებია, რომ მათ ხშირად აქვთ კონტაქტი როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს ადგილობრივ მოსახლეობასთან“, – უთხრა „პუბლიკას“ მაია ბუწაშვილმა და  ყურადღება გაამახვილა, რომ ამ მხრივ რისკის დროული შეფასება და დაზღვევა ნამდვილად დასაფიქრებელი საკითხია.

მისივე თქმით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის ერთ-ერთი დაბალი გავრცელების ქვეყანაა და „სამწუხარო იქნება, თუ რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია ამ მოცემულობას უარესობისკენ შეცვლის.“

ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აივ ინფექცია/შიდსი არ არის ერთადერი საფრთხე, საუბარია სქესობრივი გზით გადამდებ ყველა დაავადებაზე, როგორიცაა: ქლამიდია, გონორეა, ბ ჰეპატიტი და ა.შ.

რა უნდა გაკეთდეს არსებული რისკების დასაზღვევად?

ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში საზოგადოებაში არსებული რისკების შესახებ ცნობიერება უნდა ამაღლდეს, სახელმწიფო დონეზე უნდა შემუშავდეს „მესიჯბოქსი“, რომელიც მოსახლეობას სიფხიზლისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი არც უკვირდებოდეს და არც ფიქრობდეს ამ თემის სერიოზულობაზე, საჭიროა, მინიმუმ, დაფიქრდნენ ადამიანები დაცვის ღონისძიებებზე. ისედაც არსებობს საინფორმაციო კამპანიები აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ამ აქცენტით უნდა გაძლიერდეს მოსახლეობისთვის „მესიჯბოსის“ მიწოდება, იმიტომ, რომ აშკარად პრობლემაა არის ქვეყანაში“, – მბობს მაია ბუწაშვილი.

მისივე თქმით, ამ რისკებზე მეტი აქცენტი უნდა კეთდებოდეს დღეს, ხვალ რომ გვიანი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მისი შეფასებით, თუ დაიძრა ინფექციის ტალღა, მერე ძალიან რთული იქნება აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების აღმავლობის შეჩერება.