რუსეთიდან ჩარიცხვები წლიურად 5-ჯერ გაიზარდა, ვიზიტორთა რაოდენობა 410.5%-ით - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან თანხის ჩარიცხვა 2022 წელს 5-ჯერ გაიზარდა, რითაც ევროკავშირიდან მიღებულ გზავნილებს 2-ჯერ გადააჭარბა.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მეორადი შემოსავალი, ძირითადად, საზღვარგარეთიდან მუშაკთა გზავნილების მატების გავლენით, მნიშვნელოვნად (32.5 პროცენტით) გაიზარდა.

„პირადი გზავნილები, რომლიც, როგორც წესი, მეორადი შემოსავლის ყველაზე მსხვილი ნაწილია, წლიურად 43.9 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი, წლის მეორე ნახევრიდან, სწრაფი ფულადი გზავნილები განუხრელად იზრდებოდა, რაც, დიდწილად, მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდება. 2022 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მატებაში დიდი წვლილი რუსეთიდან, ევროკავშირიდან და ყაზახეთიდან გაზრდილმა გზავნილებმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ფულად გზავნილებში, რუსეთის წილი მცირდებოდა და წამყვანი ადგილი ევროკავშირიდან მიღებულმა თანხებმა დაიკავა, თუმცა 2022 წელს ეს ტენდენცია შეიცვალა. რუსეთიდან ჩარიცხვები წლიურად 5-ჯერ გაიზარდა, რითაც ევროკავშირიდან მიღებულ გზავნილებს 2-ჯერ გადააჭარბა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლების რაოდენობა წლიურად 173.3%-ით გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელ დონესთან შედარებით, მაინც ნაკლები იყო (-39.1 პროცენტი).

ვიზიტორთა მატება უმეტესწილად რუსეთიდან (410.5 პროცენტით), თურქეთიდან (183.5 პროცენტით), სომხეთიდან (350.9 პროცენტით) და ისრაელიდან (108.7 პროცენტით) შემოსული ვიზიტორების ზრდამ განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების კუთხით გერმანია და გაერთიანებული სამეფო გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ასევე გაიზარდა ქართველი რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 61.1 პროცენტით მეტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და მშენებლობის დარგებში განხორციელდა.

ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გამო გაზრდილია მიგრანტების შემოდინება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. მათი გრძელვადიანი დანიშნულების ვიზიტიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ისინი მონაწილეობენ ადგილობრივ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაში.

„საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8,8 პროცენტამდეა გაზრდილი (სექტემბერი) იანვართან შედარებით, როცა იგივე მაჩვენებელი 5 პროცენტი იყო, თუმცა ეს ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9 პროცენტი იყო ივლისის თვეში. ზრდა ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ბათუმი არა მარტო რუსეთის მოქალაქეებში, არამედ დანარჩენ უცხოელებშიც უფრო პოპულარობით სარგებლობს ვიდრე თბილისი. ფაქტია, რომ ბათუმი მისი საინვესტიციო დანიშნულებიდან გამომდინარე მეტ უცხოელს იზიდავს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში არასაბანკო დეპოზიტები 7.1 მლრდ ლარით გაიზარდა და დეკემბრისათვის 44.3 მლრდ ლარი შეადგინა. არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2022 წლის განმავლობაში 4 პპ-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.2 პროცენტს მიაღწია. წარმოშობის მიხედვით გაზრდილია რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37 პროცენტამდე (და პირველ ადგილზეა), თუმცა ჯამურად ეს დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია.