რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო 4 წლის მაქსიმუმს მიაღწია – IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე განვითარება და არსებული გამოწვევები მიმოიხილა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის თითქმის ნახევარი შეადგინა. აქვე ნათქვამია, რომ აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის ძირითადი მიგნებებია:

COVID-19 პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ელ. ენერგიის მოხმარება, (-11.2% წ.წ.) 2020 წლის 11 თვეში. რაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, კრიპტოინდუსტრიის მკვეთრი ვარდნით  და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება აიხსნას. შემცირებამ  5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.

ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 38 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წლის 10 თვეში და წლის ბოლომდე მოსალოდნელია 60 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდოს. შეინიშნება მცირედით გაუმჯობესება, (-3 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით. თუმცა ელ. ენერგიის დეფიციტი მაღალია, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას უწყობს ხელს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორში ოთხჯერ შემცირდა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მიიჩნევა, თუმცა დღეისათვის ფაქტობრივად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

ორგანიზაციას შემდეგი რეკომენდაციები აქვს: ზრდადი დეფიციტის გათვალისწინებით, მთავრობამ დროულად უნდა შეიმუშაოს ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები;  თავისუფალი ბაზრის მექანიზმების იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას; უნდა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა განახლებად ენერგიაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.