საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი ონლაინ პლატფორმა SS.GE-ის თანადამფუძნებლის, ლევან კილაძის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ვებსაიტის ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„ზოგადად, რუსეთიდან დაინტერესება ყოველთვის იყო. დღეში დაახლოებით 800-900 ადამიანი შემოდიოდა და ათვალიერებდა ხან ბათუმს, ხან სხვა ქალაქებს. ყოველთვის ასეთი სტაბილური გრაფიკი იყო. ახლა კი მხოლოდ რუსეთიდან დღეში 5-6 ათასი კაცი შემოდის. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი იქნება“, – ამბობს ლევან კილაძე „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან ეს სტატისტიკა ნელ-ნელა იზრდება და ყოველდღიურად მატულობს. ვებსაიტზე გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა ბელორუსიდან და უკრაინიდანაც, თუმცა SS.GE-ის მონაცემებით, რაოდენობრივად რუსი ვიზიტორები ჭარბობენ. ლევან კილაძე აღნიშნავს, რომ რუსეთიდან შემოსული მომხმარებლები უფრო მეტად ქონების შეძენით არიან დაინტერესებული, ვიდრე დაქირავებით.
„დაინტერესება უფრო ყიდვის რუბრიკაზეა. საშუალოდ ვებსაიტზე 12-15 წუთს ატარებენ და გვერდებს დეტალურად ათვალიერებენ. ძირითადად, Google-ით ეძებენ და ჩვენს საიტზე ასე გადმოდიან. 15 წუთი განცხადებების ვებსაიტისთვის საკმაოდ მაღალია. ამ დროის განმავლობაში 10-12 განცხადებას ნახულობენ“, – ამბობს ლევან კილაძე.
New York Times-ის ინფორმაციით, სწრაფი მატარებლების რეისზე სანქტ-პეტერბურგი-ჰელსინკი, ბოლო დღეებში მგზავრთა ნაკადი უჩვეულოდ მაღალია.
„კვირის შემდეგ ამ დრომდე პეტერბურგიდან სავსე მატარებლები ბრუნდებიან. ადამიანები სამუდამოდ ტოვებენ რუსეთს, ამაზე მათი ბარგი მეტყველებს“, – ამბობს ფინეთის რკინიგზის მგზავრთა მომსახურების სამსახურის ვიცეპრეზიდენტი.