„რუსეთის აგენტების წინააღმდეგ" — პარლამენტთან აქცია იმართება

პუბლიკა

„რუსეთის აგენტების წინააღმდეგ“ – პარლამენტთან დილის 11 საათიდან  აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საწინააღმდეგო აქცია იმართება.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „დააკავეთ რუსეთის აგენტი“. ისინი პროტესტს პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის პარალელურად გააგრძელებენ.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

„ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე სიაში შეყვანილია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო“, – წერია განცხადებაში.

აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე. მომდევნო დღეს, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი საბჭოს 3-მა ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა.