რუსეთის არგუმენტი აბსოლუტურად უსაფუძვლოა - წულუკიანი „დეპორტირებულების საქმეზე“

პუბლიკა

რუსულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომ „რუსეთი ეძებს გზებს“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია საქართველოს არ გადაუხადოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

იუსტიციის მინისტრიმა გაიხსენა, რომ რუსეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების საქმეზე დავის დასაწყისში რუსეთი უარყოფდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისა და უკანონო დაპატიმრების ფაქტს, თუმცა ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ ქართულმა მხარემ ეს საქმე მოიგო.

წულუკიანის განმარტებით, თავდაპირველად, რუსეთიდან დეპორტაციისა და უკანონო დაპატიმრების დროს სასამართლოში დაზარალებული მოქალაქეების მცირე სია წარადგინეს, რადგან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ საილუსტრაციო სიის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დარღვევების დადგენა. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოგვიანებით ქართულმა მხარემ ასეულობით ადამიანის ისტორია შეაგროვა და სრულყოფილი სია შეადგინა, რადგან იფიქრეს, რომ შესაძლოა, რუსეთს მცირე სია თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა. მინისტრის განმარტებით, ამან დავის მოგებაც განაპირობა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„[რუსეთს] აქვს ერთადერთი არგუმენტი დარჩენილი, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ  10 მილიონი ევრო მე საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, საქართველომ უნდა მითხრას, ვისზე განაწილდება ეს ფული. ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა ის ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად მსხვერპლი, რომ ეს თანხა გადასახდელია და ასე შემდეგ”, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს თანხის ჩარიცხვისკენ გამუდმებით მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება უპირობოა.


26 თებერვალს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსეთი ეძებს გზებს“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია საქართველოს არ გადაუხადოს.

გამოცემა „ვედომოსტის“ მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ გადაწყვეტილების აღსრულებისას.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დააკისრა. რუსეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საქართველოს უნდა შეექმნა მექანიზმი დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის განსაზღვრისა და განაწილებისთვის, რადგან მათი პოზიციით, კომპენსაციას იღებენ ცალკეული ადამიანები და არა სახელმწიფო.

„ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მხოლოდ ოპერატორის ფუნქციას ასრულებს“, – წერს „ვედომოსტი“.