რუსეთის არმიას უმცროს ოფიცერთა შორის დიდი დანაკარგი აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს, დიდი ალბათობით, დიდი დანაკარგი აქვს საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის. ამისი მიზეზი ისაა, რომ ბრიგადებისა და ბატალიონების ხელმძღვანელებს თავად უწევთ სახიფათო პოზიციებზე გასვლა, რადგან თავიანთი დანაყოფების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

უმცროს ოფიცრებს კი უნტეროფიცრების მოვალეობის შესრულება და ყველაზე მცირე დონის ტაქტიკურ მოქმედებებში ჩართვა უწევთ. რადგან რუსულ არმიაში დასავლური შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი უნტეროფიცრების ნაკლებობა აქვთ.

„ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების დიდი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემებს სამხედრო ოპერაციების მართვის მოდერნიზების მხრივ.

უფრო ახლო პერსპექტივაში კი, ახალგაზრდა ოფიცრების ნაკლებობის გამო, ეფექტიანობას კიდევ უფრო დაკარგავენ ბატალონის ის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დანაყოფში გადარჩენილი მებრძოლებისგან ხელახლა დააკომპლექტეს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ამასთან, ბრიტანული უწყების ცნობით, ისინი ბევრ სარწმუნო ინფორმაციას იღებენ რუსულ არმიაში ლოკალური ბუნტების შესახებ. გაწვრთნილი, გამოცდილი ოფიცრების შემცირებამ კი არმიაში მორალისა და დისციპლინის რღვევა შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს.