რუსეთის დუმამ საქართველო რუსული მედიისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში დაასახელა

პუბლიკა

რუსეთის სახელმწიფო დუმის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების გამოძიების სახელმწიფო სათათბირო კომისიის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი ამბობს, რომ ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობით.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან რუსული მედიის მიმართ.

„ჩვენი პასუხი რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ იქნება კანონპროექტი. სწორედ ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე  “, – ამბობს ის. 

მისი თქმით, რამდენიმე წელია დასავლეთი აწარმოებს მასიურ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად.