უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაზე გამავალი, მნიშვნელოვანი გაზსადენით რუსეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტა დიდი მარცხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის.
„როცა პუტინი 25 წელზე მეტი დროის წინ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა ყოველწლიურად შეადგენდა 130 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს. ახლა ეს მონაცემი ნულია…
ეს არის მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხი. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი” – წერს ზელენსკი.
უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი ახალი წლის პირველ საათებში შეჩერდა, რადგან სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურა და ომში მყოფმა კიევმა და მოსკოვმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ტრანზიტის გაგრძელებაზე.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ 07:00 საათზე შეწყდა რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე. უწყება ამბობს, რომ უკრაინამ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა.
რუსეთი კვლავ ახორციელებს გაზის ექსპორტს შავი ზღვის ფსკერზე თურქული ნაკადის მილსადენით. TurkStream-ს ორი ხაზი აქვს – ერთი თურქეთის შიდა ბაზრისთვის და მეორე ცენტრალური ევროპის მომხმარებლებისთვის მიწოდებისთვის, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი.
ევროკავშირმა გააორმაგა ძალისხმევა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ალტერნატიული წყაროების მოძიებით. უკრაინის გავლით რუსული გაზის დანარჩენმა მყიდველებმა, როგორიცაა სლოვაკეთი და ავსტრია, ასევე მოაგვარეს ალტერნატიული მიწოდება. მოლდოვა აცხადებს, რომ ახლა მას დასჭირდება ზომების მიღება გაზის მოხმარების მესამედით შესამცირებლად.
რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის ხუთწლიან ხელშეკრულებას ვადა 1 იანვარს გაუვიდა.
გაზის ტრანზიტის დასრულება „გაზპრომმა” 1 იანვარს ტელეგრამით გამოაცხადა, მას მერე, რაც უკრაინამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ აპირებდა კონტრაქტის გახანგრძლივებას.