ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინული და ამერიკული წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ გერასიმოვი იზიუმში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა, რათა რუსეთის თავდასხმის „კურსი შეეცვალა“.
გამოცემა წერს, რომ გერასიმოვის იზიუმში ყოფნის შესახებ უკრაინელებმაც გაიგეს და რუსეთის ერთ-ერთ შტაბზე იერიში მიიტანეს. როგორც აღმოჩნდა, გერასიმოვმა თავდასხმამდე მოასწრო ქალაქის დატოვება, თუმცა უკრაინელების საარტილერიო იერიშს 200-მდე ჯარისკაცი, მათ შორის, ერთი გენერალი ემსხვერპლა.
ამერიკული წყაროები NYT-თან ამბობენ, რომ გერასიმოვი არ ეჭვობდა იზიუმში უკრაინელთა იერიშს, ქალაქში კი რუსულ არმიაში არსებული პრობლემების გამო მოუწია ჩასვლა.
„ჩვენი სამუშაო დასკვნაა, რომ ის იმყოფებოდა იქ, რადგან ჩანს, აღიარებენ, რომ ჯერ კიდევ არ გადაუჭრიათ ყველა პრობლემა“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან.
გენერალი გერასიმოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია. ის თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში ომის მთავარ წამმართველად მიიჩნევა.
ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ფრონტის ხაზზე ჩასვლა კი, როგორც NYT წერს, რუსეთის არმიაში ჯერ კიდევ არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს, რაც, უკრაინელთა მედგარ წინააღმდეგობასთან ერთად, რუსულ სამხედრო ძალებს დონბასში წინსვლის საშუალებას არ აძლევს.