რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული პროკრემლისტური მედია წერს.
გორდონის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის წესით რამდენიმე საქმეა აღძრული. მათ შორის, რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს ბრალად ომისაკენ მოწოდებას, ეთნიკური ნიშნით სიძულვილის გაღვივებასა და რუსული არმიის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უყენებს.
რუსეთის საგამოძიებო უწყებების მტკიცებით, გორდონი უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში რუსეთის მიმართ ბირთვული იარაღის გამოყენებისა და რუსეთის მოქალაქეების განადგურებისაკენ მოუწოდებდა. ასევე, მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ.
ამ მოტივით, რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა გორდონის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გატარების ბრძანება გასცა. ჟურნალისტი 6 აპრილს ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს.