რუსეთის მიერ 24 მარტს დასავლეთ უკრაინისკენ ნასროლმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ამის შესახებ პოლონეთის ოპერატიული სარდლობა აცხადებს.
განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა 04:23 საათზე.
„სამიზნე იყო დასავლეთ უკრაინის ქალაქები. ობიექტი შემოვიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ქალაქ ოსერდოვის ცაზე და იქ 39 წამი დაჰყო. მთელი ფრენის განმავლობაში მას სამხედრო სარადარო სისტემა აკვირდებოდა. დღეს ღამით მიღებულ იქნება ყველა შესაბამისი ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლონეთის საჰაერო სივრცე. სხვა საკითხებთან ერთად, გააქტიურდა პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია. #WojskoPolskie მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და რჩება მუდმივ მზადყოფნაში პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. – ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
24 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 დრონი „შაჰიდი” ესროლა – ჯამში 57 აპარატი. უკრაინის განცხადებით, მათ შეძლეს, ჩამოეგდოთ 43.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე მესამე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათ შორის, სამიზნე იყო დედაქალაქი კიევიც. კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.
რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის მიმართულებით გაისროლეს 20 რაკეტა და 7 კამიკაძე დრონი. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.