რუსეთის მიერ ლუგარზე შეტევა, პირდაპირ უდრის რუსეთის, როგორც ოკუპანტის მოქმედებას - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ იყენებს რუსეთი თავის რბილ ძალას საქართველოს წინააღმდეგ.

„ლუგარის ლაბორატორია იყო covid-ის წინააღმდეგ ბრძოლის, წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „დრაივერი“. ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის, როგორც ოკუპანტის, მოქმედებას; რუსეთის, როგორც ოკუპანტის, ხედვას ამ რეგიონთან მიმართებაში”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

„რუსეთის ხედვა რა არის? რუსეთი რეალურად, მარტო ლუგარს კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, როგორც ახლა მოითხოვენ, რუსეთს უნდა შესვლა საქართველო-NATO-ს დღის წესრიგში და უნდა ამის შეჩერება. რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში და ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. რუსეთს მოუნდება (და უნდოდა წარსულშიც) შესვლა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ოპოზიცია, ე.წ. „პროდასავლური ოპოზიცია“ აკეთებს დღესდღეობით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.,

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ, რეალურად რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას. დღეს ყველაზე მეტად ეს დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის ჯანდაცვის ნაწილი.

„მე მინდა, დაგარწმუნოთ, რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის. ჩვენ მომავალს შევქმნით ჩვენ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას. საქართველო გააგრძელებს თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას, ჩვენ შევეცდებით ჩვენი მშვიდობიანი განვითარების გზით მოვაგვაროთ ჩვენი კონფლიქტები და აუცილებლად გავწევრდებით ევროკავშირსა და NATO-ში და ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ახლა იკვეთება, რუსეთი როგორ იყენებს თავის რბილ ძალას საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დასავლურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და საქართველოს პარტნიორებმა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დროულად – „საქართველო, უნდა გაწევრდეს NATO-ში სწორედ აი, ამიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიას, საქართველოს მომავალს, ასეთ თავდასხმებს უწყობს რუსეთის ფედერაცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.