რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია - პრეზიდენტი

პუბლიკა

„მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!“, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს.

ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.