რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას. კიევში მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა მიაყენეს კიევის პეჩერსკის რაიონს – დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქების ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მუშაობენ მაშველები.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა, რომ „რუსმა ტერორისტებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს ე.წ. მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა #G20Summit-ის დროს მოხდა. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელი კორპუსებს. ისინი ცდილობენ გაანადგურონ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.”
სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში და დარტყმები კვლავ მოსალოდნელია.
დღეს, ინდონეზიის ქალაქ ბალიში „დიდი ოცეულის“ სამიტი დაიწყო. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომია. სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.