„რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისთვის სამართლიანი დამკაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება. მხარეებს პოზიციების წარსადგენად 1 წელიწადი აქვთ”, – განმარტავს ის.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
კერძოდ:
► სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
► სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის.