რუსეთის მხრიდან სხვა უსამართლობები, მათ შორის ოკუპაციაც, უნდა დასრულდეს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები, “– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მათი მიდგომა არის უცვლელი და  საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის არანაირი სანქციის დაწესებას,

„ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ითქვა მკაფიოდ, რომ არც ერთი ავიაკომპანია, არც ერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაჯდება და მეორე, საქართველო არ აპირებს დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.