შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქობულეთში არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფური ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დაზარალებული რუსეთის არასრულწლოვანი მოქალაქეა.
დაკავებულები არიან – 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ.
„გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა, ქობულეთში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ვ. ს.-მ ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე, ამასთან, გ.მ. – მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერს შსს.
უწყება ამბობს, რომ დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.