უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წელს, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა-ნაგებობა შეიძინეს, მათ შორის – 13 ათასზე მეტი ბინა და 13 850 მიწის ნაკვეთი – ამის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) კვლევაში – „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში”.
სწორედ, კვლევის ძირითადი მიგნებებიდან არის წარმოდგენილი სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ბინებისა და მიწების შეძენასთან დაკავშირებით.
„უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის“ მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში – 5%-დან 17,6%-მდე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 161 032 მოქალაქეს ჰქონდა გახსნილი(ფიზიკური პირი), ასევე, ანგარიში გახსნილი ჰქონდა 55 იურიდიულ პირს.
„2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2,16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.
შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა…
2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში, უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ იყო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები; 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38%-ით, სომხეთში კი — 197%-ით.
ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ – და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.