რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას სამოქალაქო სექტორიც ითხოვს

პუბლიკა

პოლიტიკური პარტიების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. განცხადების ხელმომწერები ასევე ითხოვენ, გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი.

ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

„მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსული ექსპორტი, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება ცხადად მიუთითებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

მიგვაჩნია რომ, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი  და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება.  გარდა ამისა,  აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან.

აქვე მივუთითებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების  საწინააღმდეგოდ გამოყენებული“, – წერია საერთო განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი
  • სირცხვილია
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • თანასწორობის მოძრაობა
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
  • ევროპის ფონდი
  • ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო
  • ობსერვატორია
  • საფარი
  • დემოკრატიის მცველები
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  • მწვანე ალტერნატივა
  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  • პლატფორმა “გამზირი”
  • ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • SEED საქართველო
  • სამირა ბაირამოვა
  • არჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” დამფუძნებელი წევრი,  ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს” (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი.