თბილისში, პირველი გიმნაზიის მიმდებარედ რუსეთის მოქალაქეები „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. მათ მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა საპროტესტი წარწერით, მათ შორის: „კმარა პუტინის ტყუილები, ომი, რეპრესიები“.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ „რუსეთი იქნება თავისუფალი“ და „პუტინი კლავს“.
სიტყვით გამოსვლაში ერთ-ერთმა მონაწილემ ისაუბრა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მოკლებულნი არიან თავსუფლებას, შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი პრეზიდენტი და ქვეყნის ბედი, აპირებენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამის წინააღმდეგ მისცენ ხმა. გამომსვლელმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე და თუნდაც თვალებში ჩახედონ იმ მოქალაქეებს, რომელთაც სინდისი და მომავლის იმედი აქვთ.
„ჩვენ ვართ ცვლილების აგენტები, რომელიც სჭირდება რუსეთს და მსოფლიოს. დღეს ჩვენ ვართ შუადღის აქციაზე პუტინის წინააღმდეგ, კმარა პუტინი, კმარა ტყუილი, კმარა ომი, კმარა რეპრესიები. პუტინი ტყუილია. არჩევნები 80%-ით გაყალბდება, ეს არჩევნები პროცესის იმიტაციაა.
კმარა ომი – შემოჭრა საქართველოში 2008 წელს, სირია. დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარეობს უდიდესი ნგრევა, რომელსაც აწყობს პუტინი და კრემლი. ჩვენი, ყველას სახელით, გვეყოფა რეპრესიები!
ბევრი აწამეს, ბევრი მოკლეს, როგორც მოკლეს ბორის ნემცოვი, მიტვინენკო, ნავალნი. კმარა ეს ტყუილი, კმარა ეს ომი და რეპრესიები!
ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, მივიდეთ და ხმა მივცეთ პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ავწევთ პატარა ბარათებს და ვაჩვენებთ, რომ აქ ყოველი ხმა პუტინის წინააღმდეგაა“, – განაცხადა გამომსვლელმა.
კამპანია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე შუადღემდე მისვლისკენ მოუწოდებს. იდეა მაქსიმ რეზნიკს ეკუთვნის და მისი არსია, რომ ასეთმა ამომრჩეველმა დაინახოს, რომ მარტო არ არის.
რუსეთის პროკურატურა 12 საათზე უბანზე მისულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა.
ადგილობრივმა გამოცემამ 7×7 დაწერა, რომ ნოვოსიბირსკში, პერმისა და ეკატერინბურგში დღეს საარჩევნო უბნებზე რიგი იდგა, გაძლიერდა პოლიციის მეთვალყურეობაც.
აქცია რუსეთთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
17 მარტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეა. პროცესი დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. იყო არჩევნების ხელშეშლის მცდელობებიც, ადამიანები ცეცხლის გაჩენას ან ყუთში სითხის ჩასხმას ცდილობდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
არჩევნები არათავისუფალი და არაკონკურენტულია – ასე აფასებენ პროცესს დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ოპოზიციურად განწყობილი პირები.