საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მოქალაქემ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას. რეალურად მოქალაქეს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი დაზარალებულებს მოტყუებით არიცხვინებდა ფულად თანხებს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.
პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული სქემით, 2017 წლის განმავლობაში, ვ.ლ. მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს მოქალაქე მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების გზით განკარგავდა.
ამ გზით, მან პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა 255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19 920 აშშ დოლარი და 1786 ლარი.
2020 წლის 2 ივნისს, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ხოლო ვ.ლ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
მოქალაქის მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.