„რუსეთმა საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მძიმე რუსეთისთვის, რადგან რამდენიმე ათეული ათასი, შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო უნდა მოაცდინოს საქართველოში, თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტმა კობახიძეს მის მიერ გუშინ, 5 ივნისს გაკეთებული განცხადების შესახებ ჰკითხა, სადაც, მან თქვა, რომ, თუკი, თეორიულად საქართველოშიც დაიწყება დეკემბრამდე ომი, მაშინ ისიც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
კობახიძის განცხადებით, მეორე ფრონტი საქართველოში რუსეთს გაურთულებდა სიტუაციას, თუმცა ის დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის.
„რა თქმა უნდა, საქართველოში მეორე ფრონტი რუსეთს გაურთლებდა ყველაფერს უკრაინის ფრონტზე. საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყევლაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომი ავარიდოთ საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა საქართველოს ხელისუფლება ავითარებს კონსპირაციულ თეორიას, თითქოს დასავლეთი ცდილობს რუსეთთან ომში ჩაითრიოს საქართველო. ამ თეორიას კელი დეგნანმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რუსული დეზინფორმაცია უწოდა.