რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

პუბლიკა

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობა ახალ დონეზე ავიდა – 2000 წლის შემდეგ პირველად ვლადიმირ პუტინი ფხენიანში ჩავიდა.

ორმა დიქტატორმა ხელი მოაწერა „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას”, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, „გულისხმობს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას ამ შეთანხმების ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყო.

ქალაქში საგანგებოდ გაიშალა წითელი ხალიჩა და მოეწყო დეკორაციები. ათასობით ჩრდილოკორეელი სკანდირებდა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, პუტინ”.

დიქტატორებმა, რომლებიც „დასავლეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანდნენ”, ქუჩაში გერმანული მანქანა „მერსედესით” გავიდნენ.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის მიერ გაფორმებული შეთანხმება ჩაანაცვლებს 1961, 2000 და 2001 წლებში მიღებულ დოკუმენტებს.

„უსაფრთხოების” გარდა, შეთანხმება შეეხება ასევე ურთიერთობებს „პოლიტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, კულტურის” სფეროებში.

კიმ ჩენ ინმა “ალიანსს” უწოდა “წყალგამყოფი მომენტი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში”.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „აშშ-ის პოლიტიკა კონფრონტაციულია და რომ „ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი წვრთნები ჩრდილოეთ კორეის მიმართ „მტრული“ იყო”.

პუტინისვე განცხადებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის კავშირი ეფუძნება „თანასწორობას და ორმხრივ პატივისცემას”.

მან კიმი რუსეთშიც მიიწვია შემდეგი შეხვედრისთვის.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის დაახლოებამ გამოიწვია შეშფოთება სეულსა და ვაშინგტონში, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის გამო, არამედ მოსკოვის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ტექნოლოგიების შესაძლო გადატანის გამოც. ჩრდილოეთ კორეას სამხედრო კუთხით დასავლეთის მკაცრი სანქციები ადევს.