რუსეთის პროკურატურა სასამართლოს Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას სთხოვს

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა სასამართლოს სთხოვს, აღიაროს კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალოს მისი საქმიანობა რუსეთში. ინფორმაციას რუსეთის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია Meta-მ შეცვალა სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წესები რუსეთთან მიმართებით.

„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე… რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და მკვლელობის უკანონო მოწოდებებთან დაკავშირებით, ამერიკული კომპანია Meta-ს თანამშრომლების მიერ, რომელიც ფლობს სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Instagram-ს“, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

როგორც Reuters წერს, Meta-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ კომპანია Meta-მ შეამსუბუქა პოლიტიკური განცხადებების შესახებ წესები, ისეთი, როგორიც არის „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“. თუმცა მან აღნიშნა, რომ წესები არ შემსუბუქებულა რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ძალადობის შემცველი პოსტებისთვის.