რუსეთის საგარეო უწყება „საქართველოს ნატოში ფორსირებულ ინტეგრაციაზე“ საუბრობს

პუბლიკა

ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია „საქართველოს NATO-ში ფორსირებული ინტეგრაციისა“ და „თბილისის ანტირუსული რიტორიკის შესახებ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, თბილისმა და მეორე მხრივ, სოხუმმა და ცხინვალმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმონ.

„ასეთი დოკუმენტის აუცილებლობა განპირობებულია, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ისა და ნატოს გაზრდილი სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ფორსირებული ინტეგრაციის გეგმის ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარე უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკასა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლირების კონტრპროდუქტიულობაზე.  ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას გარკვეულ სფეროებში, პირველ რიგში ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვან ფუნქციონირებას. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ რეზოლუციაზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილვილებს ეხებათ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას განსახილველად იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები კვლავ მოკლებულნი არიან უფლებას, წარმოაჩინონ თავიანთი პერსპექტივა ამ საკითხზე“.

მოსკოვი აცხადებს, რომ  დაძაბულობის შემდგომ შემცირებას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის უსწრაფესად დაწყებამ, მათი შემდგომი დემარკაციით“.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამაც გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.