რუსეთის საგარეო: ვიმუშავებთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, „როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე”.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის „პირობები უცვლელია და კარგად არის ცნობილი ვაშინგტონში“.

„აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ამერიკელების უკმაყოფილებას ასახავს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის შედეგების, ისე დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ, რომელიც შესთავაზა მათ ნაჩქარევად წარდგენილმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა […]

ჩვენ არ გვაქვს ილუზია ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან და კონგრესის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, სადაც რესპუბლიკელები, არსებული მონაცემებით, ლიდერობენ.

შეერთებული შტატების მმართველი პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, ინარჩუნებს ანტირუსულ განწყობებს და „მოსკოვის შეკავების” ხაზს. ეს ხაზი არ ექვემდებარება რყევებს შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკურ ბარომეტრზე – იქნება ეს მიდგომა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, რაც არის ტრამპის და მისი მხარდამჭერების მიდგომა, თუ იქნება ეს – „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი”, რა მიდგომაც დემოკრატებს აქვთ.

რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც ის „დარეგისტრირდება“ თეთრ სახლში, მტკიცედ დაიცავს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და კარგად არის ცნობილი ვაშინგტონში“, – ნათქვამია განცხადებაში.


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა აქვს, რაც საკმარისია გამარჯვებისთვის.

ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში Fox News-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს“.

„მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ“, – განუცხადა ტრამპმა ამომრჩეველს.