რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი კაცი ახალგორის საავადმყოფოშია - გიგაური

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ლია გიგაურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრილი და დაკავებული კაცი ახალგორის საავადმყოფოშია.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას“- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა. გიგაურის თქმით, მამაკაცის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჟამად როგორც ჩვენთვის ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში“,- აცხადებს ლია გიგაური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.