რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია – სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, აქტიურად მიმართავდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტებს.

„მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.“