რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე - სუს

პუბლიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, – აცხადებს სუსი.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.