რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პროკურატურა ავრცელებს.
ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღდეგ საბრძოლველად 2022 წლის მარტში წავიდა.
რუსეთის გენპროკურატურა წერს, რომ „ელისაშვილი მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში”.
რუსეთის მტკიცებით, ამისთვის მან მიიღო მატერიალური კომპენსაცია. „ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით”. – აცხადებს რუსეთის გენპროკურატურა.
8 აგვისტოს „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ემუქრება თუ არა საფრთხე ალეკო ელისაშვილს.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ […] ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის. დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.