რუსეთის სასამართლომ „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

პუბლიკა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ პროკრემლისტური მედია TASS წერს.

მოსამართლის განცხადებით ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ დაიწყება, თუმცა გადაწყვეტილების მოტივი არ დაუსაბუთებიათ. რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო განხილვები „აზოვის“ გარეშე და უმეტესწილად დახურული ფორმით წარიმართა.

მოწმეების სტატუსით რუსი, პროსახელისუფლებო უფლებადამცველები და ჟურნალისტები დაიკითხნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „აზოვის“ პოლკმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, მარიუპოლში.

სასამართლოს მიერ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის წევრები ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ორგანიზაციის ლიდერებს 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ, რიგითი მონაწილეებს – 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და 500 ათას რუბლამდე ჯარიმა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, ვინ გამოძიების დაწყებამდე „ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია“.

მოხალისეთა ბატალიონი „აზოვი“ ჯერ კიდევ 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის დროს შეიქმნა პრორუს სეპარატისტებსა და რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის მიზნით. მოგვიანებით „აზოვი“ გაფართოვდა, პოლკის სახე მიიღო და უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. კრემლი ანტიუკრაინული პროპაგანდისთვის იყენებდა „აზოვის“ პოლკს და ამტკიცებდა, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება იყო.