უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კახოვკის კაშხლის აფეთქება, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა.
„რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რითაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაძევებაა“, – წერს კულება Twitter-ზე.
კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. რომელმაც განაცხადა, რომ დადგება რუსეთის პასუხისმგებლობა.
„შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული – ჩვენ რუსეთისა და მის მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა, რის შედეგადაც უკვე იტბორება ხერსონის ოლქში ათობით დასახლება. უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგიონიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. უცნობია, ზუსტად რა მდგომარეობაა რუსების მიერ კონტროლირებად სანაპიროზე, რომელიც კაშხლის დანგრევის შედეგად უფრო მეტად დაზარალდება.
უკრაინის ჰიდროენერგეტიკის მწარმოებელი კომპანიის, Ukrhydroenergo-ს განცხადებით, აფეთქება ჰიდროელექტროსადგურის შიგნით მოხდა, რის შედეგადაც სადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.
„წინასწარი პროგნოზი აჩვენებს, რომ წყალსაცავის დაცლა უახლოეს 4 დღეშია მოსალოდნელი“, – აცხადებს Ukrhydroenergo.
კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ, როგორც უკრაინაში აცხადებენ, დაიტბორება ხერსონის ოლქის ნაწილი, წყლის მიწოდება შეუწყდება მთელ ყირიმს და ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს.