გრანდიოზული მოზაიკა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახულნი, ახალაშენებული შეიარაღებული ძალების ტაძარში აღარ დამონტაჟდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა პარასკევს გაავრცელეს.
შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი მოსკოვის დასავლეთით შენდება. მისი გახსნა მაისის თვეში მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრის გახსნის ცერემონია, სავარაუდოდ, გადაიდება.
მოზაიკის სურათი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვა რუსი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახულნი, ერთი კვირის წინ გავრცელდა. მოზაიკა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღნიშვნას ეძღვნება. მოზაიკის ერთ ნაწილზე გამოსახულია 4 ქალი წარწერით – “ყირიმი ჩვენია”.
პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში ტაძრის დეკანოზმა მამა სტეფანემ აღნიშნა, რომ ტაძრის ხელოვნების საბჭომ „ქვეყნის ხელმძღვანელის სურვილისამებრ” მოზაიკის დამონტაჟება გადაიფიქრა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტი მოზაიკის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიღწევების ამ ფორმით აღნიშვნა ნაადრევია.