რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლისთავზე დასავლელი ლიდერები კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა. დასავლელი ლიდერები დღეს კიევში ჩადიან, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატონ.

კიევში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და „განიხილავენ უკრაინის, როგორც თავისუფალი, სუვერენული და ევროპული ერის მომავალს“.

„რუსეთის სასტიკი შეჭრიდან მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი“, — თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კიევში ასევე ჩავიდნენ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩეზი.

„სამი წლის წინ კიევში ვიყავი, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი არაპროვოცირებული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ. მე დავბრუნდი, როგორც ლატვიის პრეზიდენტი, რათა გამოვხატო მხარდაჭერა და აღფრთოვანება მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ. განვიხილავთ აქტუალურ საკითხებს და წინსვლას“, — თქვა ლატვიის პრეზიდენტმა.

ასევე, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მოხარული და ამაყია იმით, რომ ლიეტუვა უკრაინას წლების განმავლობაში უჭერდა მხარს და ასეც გააგრძელებს.

კიევში არიან სხვა ლიდერებიც, მათ შორის, ჯასტინ ტრუდო, ფინეთის პრეზიდენტი, ასევე, დანიის, ესტონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები.

3 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე 46000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 390 000-ზე მეტი, ლტოლვილად იქცა 4 მილიონამდე უკრაინელი მოქალაქე.

უკრაინის შეიარაღებული ჯარების ინფორმაციით, დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი 850000-ს აღემატება.

გაეროს მონაცემებით, ომს ემსხვერპლა 12000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე.

არ არის ცნობილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების მონაცამთა ნაწილი, რადგან გაერო ვერ ახერხებს ამ ტერიტორიებზე შესვლას და ინფორმაციის მოძიებას.

Human Rights Watch-ის შეფასებით, რომელიც მასობრივი საფლავების სატელიტურ სურათებს ეყრდნობა, მარიუპოლში დაიღუპა, სულ მცირე, 8000 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მეტია.