რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ბახმუტთან უკან დაიხიეს

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გარკვეულწილად აღიარეს კიევისა და „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ცნობები ბახმუტის გარშემო უკრაინის კონტრშეტევაზე.

მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინამ 11-12 მაისს იერიში წამოიწყო სოლედარის მიმართულებით თითქმის 100 კილომეტრიანი ფრონტის მთელ სიგრძეზე. მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ვერ მოახერხეს „გარღვევა“, მაგრამ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრით უკან დაიხიეს და „უფრო მომგებიან“ პოზიციებზე გადაჯგუფდნენ.

„ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ბოლო დღეებია აცხადებს, რომ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებმა მარტივად დათმეს „სისხლით მოპოვებული“ პოზიციები ბახმუტის გარშემო და გაიქცნენ. მისი თქმით, უკრაინამ დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები ქალაქის გარშემო და არსებობს რისკი, რომ ბახმუტში გამაგრებული „ვაგნერი“ ალყაში მოექცეს.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ კიევშიც. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცადებით, მათ წარმატებული კონტრიერიშების შედეგად ბახმუტის გარშემო ოკუპანტებს რამდენიმე კილომეტრით დაახევინეს უკან. შეტევითი ოპერაციები გრძელდება.