რუსეთის თავდასხმის შედეგად ვინიცაში დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსეთის თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ვინიცა ფრონტის ხაზისგან შორს, უკრაინის ცენტრში მდებარეობს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი ქალაქს შავი ზღვიდან დაესხა თავს. უკრაინული მედიის ცნობით, საცხოვრებელ კორპუსებსა და საოფისე სივრცეებს 3 რაკეტა მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა. მისი თქმით, თავდასხმა შავი ზღვიდან, რუსული წყალქვეშა ნავიდან მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მედიასთან განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ბავშვიდან ერთი ახალგაზრდა გოგონა იყო, სახელად ლიზა, რომელიც დედასთან ერთად მეტყველების თერაპიის სესიიდან ბრუნდებოდა.