უკრაინის პროკურატურის ცნობით, გუშინ, გვიან საღამოს, ოდესის ოლქში დრონებით თავდასხმისას 29 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ თავდასხმის ქვეშ მოექცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო საწარმოს საწყობები და მსუბუქი ავტომობილები.
დრონებით დაესხნენ თავს ხარკოვსაც. ხანძარი გაჩნდა „ბარაბაშოვოს“ ბაზარში. ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა თქვა, რომ დაშავდა 4 ადამიანი. მერმა, იგორ ტერეხოვმა, „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ქალაქის რვა ადგილს 20-ჯერ დაარტყეს.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაანადგურეს 105 დრონი. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით მფრენი 19 დრონი ჩამოაგდეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ 32 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 22 ვორონეჟის ოლქში, 10 პენზას ოლქში, ცხრა კალუგის, ექვსი ბელგოროდის, ორ-ორი ლიპეცკისა და სამარის ოლქებში და თითო-თითო დრონი ვლადიმირის, კურსკისა და როსტოვის ოლქებში.
მოსკოვში, სადაც 9 მაისს აღლუმი უნდა გაიმართოს, კაშირსკოეს გზატკეცილზე ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა. სობიანინმა თქვა, რომ „წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“.
დრონებით თავდასხმის დროს მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს.