რუსეთის უშიშროება ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ორგანიზატორთა შორის 2 ქართველია

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული, მათგან 2 – საქართველოს მოქალაქეა. უწყება ასევე აცხადებს, რომ „ტერაქტის უკან დგანან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“. უწყების განცხადებას სამთავრობო სააგენტო TASS ავრცელებს.

გამოცემას უშიშროების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ყირიმის ხიდამდე ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით მიიტანეს.

სააგენტო FSB-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო რულონებში, სამშენებლო პოლიეთილენით, იწონიდა 22,770 კილოგრამს. უწყების ცნობით, ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთში აგვისტოს დასაწყისში გაიგზავნა.

FSB-მა თავდასხმის მომზადების ბრალდებით რვა თანამზრახველი დააკავა.

„ამჟამად, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულის მომზადებაში“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯამში, ტერაქტის მომზადებაში სულ მცირე 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული – უკრაინის მოქალაქეები 1979 წელს დაბადებული კოვაჩი დენის ოლეგის ძე, 1975 წელს დაბადებული ციურკალო მიხაილ ვლადიმირის ძე, 1971 წელს დაბადებული სოლომკო რომან ივანის ძე, საქართველოს მოქალაქეები – ბროკერი სახელად ლევანი, ინოსარიძე სანდრო და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი, დაბადებული 1985 წელს.

როგორც გამოცემა წერს, „29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება განხორციელდა EurAsEC-ის წესების მიხედვით; შეიცვალა საბუთები, რის შემდეგაც გამგზავნი უკვე შპს GU AR GROUP (სომხეთის რესპუბლიკა, ალავერდი) იყო. ხოლო მიმღები იყო შპს ლიდერი (მოსკოვი). ამის შემდეგ, 4 ოქტომბერს ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის საგუშაგოზე საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით გადმოკვეთა, ხოლო 6 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, არმავირის საბითუმო საცავში ჩაბარდა და გადმოიტვირთა. სოლომკოს, უკრაინის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ვოლოდიმირ ზლობისა და კიდევ ხუთი იდენტიფიცირებული რუსის დახმარებით, 7 ოქტომბერს ტვირთის დოკუმენტები კვლავ შეიცვალა, გამგზავნზე მითითებული იყო შპს „TEK-34″ (ულიანოვსკი), ხოლო მიმღები იყო ყირიმში არარსებული კომპანია. ამავე დღეს, რულონები სატვირთო მანქანაში ჩატვირთა რუსეთის მოქალაქემ, 1971 წელს დაბადებულმა მახირ იუსუბოვმა, რომელიც გაემგზავრა სიმფეროპოლში, ხოლო 8 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე მგზავრობისას აფეთქება მოხდა“.