რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველს, 58 წლის მიხეილ ქამხაძეს რუსეთმა დაუსწრებლად მიუსაჯეს 23-წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
გადაწყვეტილება ოკუპირებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
მიხეილ ქამხაძე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის დარღვევაში – „დაქირავებული პირის წვრთნა და მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში“.
ე.წ სასამართლომ „დაადგინა”, რომ ქამხაძე უკრაინის ტერიტორიაზე 2017 წლის იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა.
„მან გაიარა სამხედრო მომზადება და უზრუნველყოფილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფორმებით და სპეციალური ტექნიკით. მოგვიანებით, ქართული ეროვნული ლეგიონის, სოხუმის რაზმისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ნაციონალური ბატალიონის „Карпа́тська Січ“-ის შემადგენლობაში მან ცეცხლი გაუხსნა რუს სამხედროებს და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს“, – აცხადებს რუსული მხარე.
ამასთან, რუსული პროკურატურა მიუთითებს, რომ ქამხაძე კარიერული სამხედროა, ის მსახურობდა სსრკ-ისა და საქართველოს თავდაცვის ძალებში, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთის მისიაში, აქვს NATO-ს სტანდარტების მიხედვით სამხედრო კურსების სერტიფიკატი და გავლილი აქვს წვრთნები საარტილერიო იარაღის საბრძოლო გამოყენებაში.
2022 წლის 278 ივლისს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს.
მათ შორის იყო ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ NATO-ს სტანდარტების შესაბამისად წვრთნიდა.
ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები ჰქონდა.
თავად ქამხაძე აცხადებდა, რომ თავისი პირადი საქმე 2017 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატანკო ქარხანაში მიიტანა, არ გაუტანია და დოკუმენტები იქვე უნდა ყოფილიყო დაცული.
მაშინ საქართველოს თავდაცვის უწყებამ მიხეილ ქამხაძის საქმეზე განაცხადა, რომ ყოფილი ჯარისკაცის პირადი საქმე, რომელიც რუსების ხელში აღმოჩნდა, არა მათ არქივში, არამედ რაიონის კომისარიატში ინახებოდა.
უწყება ამტკიცებდა, რომ ინფორმაცია მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის თავდაცვის სამინისტროს არქივიდან გატანის შესახებ სიცრუეა.
სუსმა კი განაცხადა, რომ დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ გავრცელებულა და რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ აქვს.
უწყებაში ასევე თქვეს, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.