რუსეთმა ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, რუსულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს.
ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღდეგ საბრძოლველად 2022 წლის მარტში წავიდა. რუსეთის მის დაპატიმრება სწორედ ამის გამო სურს.
რუსეთის გენპროკურატურა წერს, რომ „ელისაშვილი მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში”.
რუსეთის მტკიცებით, ამისთვის მან მიიღო მატერიალური კომპენსაცია.
„ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით”. – აცხადებს რუსეთის გენპროკურატურა და დასძენს, რომ საქმე განსახილველად ოკუპირებული დონეცკის ე.წ უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.