ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, მას რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულების გაფორმება სურს. ლუკაშენკას თქმით, მისი სურვილია, საფრთხის შემთხვევაში რუსეთმა ბელარუსი ისე დაიცვას, როგორც თავისი ტერიტორია.
როგორც ბელარუსული პროსამთავრობო მედია წერს, ამის შესახებ ლუკაშენკამ მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა.
ლუკაშენკამ შოიგუს უთხრა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე საკითხი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზეც დასვა, პუტინი კი მის მსჯელობას დაეთანხმა.
„მთლიანობაში, საუბრისას ეს დაახლოებით ისე ჟღერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთმა ბელარუსი თავისი ტერიტორიასავით დაიცვას. ეს არის უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, პუტინმა საპასუხოდ უთხრა, რომ რუსეთმა და ბელარუსმა მათ შორის არსებულ ყველა შეთანხმებას უნდა გადახედონ და გამოყონ, რა ტიპის ნორმატიული აქტების მიღებაა საჭირო, რომ უზრუნველყონ ბელარუსის უსაფრთხოება.
ასევე ლუკაშენკას თქმით, ბელარუსს დასავლეთმა არ მისცა უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც 1994 წელს ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ მისცეს მათ, ყაზახეთსა და უკრაინას.
„მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ფეხქვეშ გათელეს ყველა ეს ხელშეკრულება, შეთანხმება, განცხადება და არანაირი უსაფრთხოება არაა. მე ვგულისხმობ ეკონომიკურ უსაფრთხოებას. აბა, რა ეკონომიკური უსაფრთხოება ესაა, თუკი სანქციებს დაგვიწესებენ ჩვენ ან რუსეთს?! – თქვა ბელარუსის ლიდერმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას.