რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედებები – პომპეო რუსულ კიბერშეტევაზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთმა საქართველოზე კიბერშეტევა მოაწყო.

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვგმობთ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედებები საქართველოსა თუ სხვაგან. კიბერსფეროს სტაბილურობა დამოკიდებულია ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიანი მოქცევით“, – წერს პომპეო Twitter-ზე.

რუსული კიბერშეტევა დაგმეს დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყებებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ-ს“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

კიბერშტევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.