რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ძებნილთა სიაში შეიყვანა. როგორც რუსული სამთავრობო მედია TASS შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, კალასზე ძებნა გამოცხადებულია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.
რუსული მედიის ცნობით, მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა აღნიშნულია, რომ შსს-ის ძებნილთა სიაში შეყვანილი ჰყავს ესტონეთის სახელმწიფო მდივანიც, ტაიმარ პატერკოპი.
ამასთან, TASS-ის ცნობით, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განუცხადეს, კალასისა და პატერკოპის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტების „განადგურებისა და დაზიანების” საქმეზე.
2022 წლის აგვისტოში ესტონეთის პრემიერმა, კაია კალასმა საბჭოთა მონუმენტების აღების შესახებ განაცხადა. როგორც მაშინ კალასმა თქვა, საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების სიმბოლო საზოგადოებაში „დაძაბულობის” წყაროდ იქცა, ამიტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი აღების გადაწყვეტილება მიიღეს.