რუსეთმა ჯიმ კერის, მარგარეტ ეტვუდსა და კანადის სხვა მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

რუსეთმა კანადის კიდევ 100 მოქალაქე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სანქცირებულებს შორის მოხვდნენ პოპულარული მსახიობი ჯიმ კერი და ცნობილი მწერალი მარგარეტ ეტვუდი. ასევე სანქციები დაუწესდა კანადაში მცხოვრებ ჟურნალისტს სტეპან ბანდერას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის სტეპან ბანდერას შვილიშვილია.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის პასუხი კანადის მიერ რუსეთის მოქალაქეების სანქცირებასა და მათ მიერ გატარებულ „რუსოფობიურ პოლიტიკაზე“. კანადის სანქცირებულ მოქალაქეებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.