„დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ომის დასრულებას არ აპირებს” – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
“მათ გამოგზავნეს საკმაოდ დაბალი რანგის დელეგაცია. ამასთან, ასეთი მიდგომა რუსეთის მხრიდან არათუ უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, არამედ მსოფლიოსა და ყველა პარტნიორისადმი უპატივცემულობაც. ველით მკაფიო და მტკიცე რეაქციას ჩვენი პარტნიორებისგან,“ – დაწერა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.
მისი თქმით, ერდოღანთან განიხილა „უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, ზღვის ნაღმების გაუვნებელყოფის საკითხი, უკრაინის აღდგენა და ორმხრივი პარტნიორობის განვითარება“.
„ჩვენ ვერ ვივლით მსოფლიო გარშემო პუტინის საძებნელად,“ – უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ანკარაში.
„მგონია, რომ რუსეთი გვიჩვენებს აშკარა უპატივცემულობას. შეხვედრის დრო არ არის დანიშნული, დღის წესრიგი არ არსებობს, დელეგაცია დაბალი რანგისაა – ეს პირადი უპატივცემულობაა, როგორც ერდოღანის, ასევე ტრამპის მიმართ.“ – თქვა მან.
დღეს, 15 მაისს თურქეთში, სტამბოლში დაგეგმილია უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას დაესწრება ამერიკული მხარეც. მოლაპარაკებები დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამუშაო ოფისში უნდა გაიმართოს.
კრემლმა განაცხადა, რომ მის დელეგაციას უხელმძღვანელებს ვლადიმერ მედინსკი, ვლადიმირ პუტინის მკაცრი თანაშემწე, რომელიც 2022 წელს სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთადერთ წინა რაუნდს ხელმძღვანელობდა.
რუსეთმა მოლაპარაკებებზე არ გაგზავნა თავისი 2 ტოპ დიპლომატი: იური უშაკოვი და სერგეი ლავროვი. ორივე მათგანი მონაწილეობდა საუდის არაბეთში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ უმღლესი დონის მოლაპარაკებებში.
დასავლური მედიების შეფასებით, მოსკოვის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დანიშნოს მედინკსი კრემლის წარმომადგენლად ამ პროცესში, ნიშნავს, რომ მას სურს, მოლაპარაკებები 2022 წლის ჩარჩოს დაუბრუნოს – მაშინ მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა რუსეთის მოთხოვნების გამო.
თურქეთში რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წევრია იგორ კოსტიუკოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუ-ს) ხელმძღვანელი. გრუ ბოლო წლებში მოსკოვის ყველაზე ცნობილი საიდუმლო ოპერაციის უკან იდგა.
კოსტიუკოვს აშშ-მ სანქციები დაუწესა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის სავარაუდო წვლილის გამო, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა – 2018 წელს სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულია სკრიპალის მოწამვლისთვის.
GRU-ს არაერთხელ დასდეს ბრალი ევროპაში დივერსიული ოპერაციების სერიის ორგანიზებაში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების, კიბერშეტევების, მონაცემთა ქურდობისა და წყალქვეშა კაბელების მიზანში ამოღების მცდელობებში.
თურქეთის 3 ქალაქი რუსეთ-უკრაინის ომის განხილვის ეპიცენტრია. სტამბოლში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური სამიტი იმართება. აქ არის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც.
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სწორედ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში თავად ზელენსკი. სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაა დაგეგმილი. მას დაესწრება ამერიკული მხარეც. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამუშაო ოფისში გაიმართება.
გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით მოუწოდებდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სტამბოლში პუტინს პირადად შეხვედროდა და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
ზელენსკი ინიციატივას დათანხმდა და თქვა, რომ პუტინს პირადად ელოდება თურქეთში. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში არ ჩავა.