რუსეთმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

პუბლიკა

რუსეთმა ღამით დრონებით იერიში მიიტანა კიევზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქის სვიატოშინსკის, ობოლონსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში ნგრევა და ცეცხლი გაჩნდა.

მედია წერს, რომ ხანძარი იყო 12 სართულიანი შენობის ზედა სართულზე მდებარე ბინაში, კერძო სახლებში, ასევე დაიწვა ქუჩაში მდგომი 7 მანქანა.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდია. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დაშავებულები 14 და 17 წლისანი არიან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსებმა უკრაინას 165 თავდასხმის დრონითა და დრონების იმიტატორებით (ცრუ სამიზნეები, რომლებიც შექმნილია საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვისთვის) შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ 69 დრონი ჩამოაგდეს და 80 ცრუ სამიზნე გაქრა რადარებიდან ისე, რომ მათ ზიანი არ მოუტანიათ.

უკრაინული მხარის ცნობით, დარტყმები შეეხო ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასისა და კიევის რეგიონებს. ჩერკასში ერთი ადამიანი დაშავდა.