რუსეთმა კრივოი როგზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი

პუბლიკა

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივოი როგზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 14 ადამიანი, დაშავდა 50-ზე მეტი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დაზიანდა 5 საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დაწერა, რომ დაღუპულებს შორის 6 ბავშვია.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმამ დაადასტურა, რომ მოსკოვი არ იყო დაინტერესებული მშვიდობით.

„ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც ასე გრძელდება: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. ამას მთელი მსოფლიო ხედავს… ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ადასტურებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი უნდა“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მხოლოდ რუსეთზე მსოფლიო ზეწოლაზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და მისი ძალების გაძლიერების მცდელობაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ომი.